Thursday, 31 May 2018

სამეგრელო

სამეგრელო უძველესი კოლხეთის მიწა–ნაფუძარია. „ოქრომრავალი კოლხეთი“, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ, სწორედ აქ მდებარეობდა.
მისი ისტორიულიკულტურული ცენტრი იყო საქართველოს ერთ–ერთი უძველესი ქალაქი ციხეგოჯი. ქრისტეს დაბადებამდე III საუკუნეში ერისთავმა ქუჯიმ, მეფე ფარნავაზის სიძემ, ააგო ციხე და ქალაქი.
 დღეს აქ ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალია: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეული შუასაუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით. მათ შორისაა: კერამიკული ქანდაკებები, ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I სს.) ორმოსამარხები და ქვევრსამარხები მდიდრული სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ნივთებით...
 აღსანიშნავია, რომ პირველი უძველესი ქართული მონეტის – „კოლხური თეთრის“ მოჭრა სწორედ აქ დაიწყეს ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან.
 ციხე-გოჯის ტერიტორიაზე მდებარეობს სამეგრელო-ზემო-სვანეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი ორმოცი წმინდა მოწამის სახელობის ეკლესია - VI საუკუნის პირველი ნახევრისა.
 სამეგრელო – ძველი კოლხებისა და ლაზების მოდგმის ხალხის სამშობლო –იმავდროულად უძველესი მითიური წარმოდგენების სამკვიდროც არის – ლეგენდის თანახმად, მარტვილში დიდი მუხა (მეგრულად „ჭყონი“) მდგარა, რომელსაც ადამიანები მსხვერპლს სწირავდნენ, სადაც გაქრისტიანების შემდეგ მარტვილის ტაძარია აგებული.
 სამეგრელოსა და მისი დედაქალაქის, ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე– ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. ზუგდიდის მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული: წმმარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, წმ. გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი. არქეოლოგიური ძეგლებიდანმუზეუმში დაცულია ქართული ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც ქართველთა წარმართული კერპის ხარის გამოსახულებას წარმოადგენს; აგრეთვე XIII – XVII სს - თა ათობით ეპიგრაფიკული ძეგლი.
 მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I- ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780-1838) პარიზში 1833 წელს.
იქვე, სასახლესთანგაშენებულია დადიანისეული ტყე–პარკი –მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის მეუღლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მიერ და თავის დროზე სასახლითურთ წარმოადგენდა დადიანების საზაფხულო რეზიდენციას, სადაც დადიანები ატარებდნენ 9 თვეს წლის განმავლობაში. დღეს ეს ტყე–პარკი განსაკუთრებულად იზიდავს დამთვალიერებლებს მრავალი ენდემური თუ ევროპული ჯიშის მცენარეებით. დადიანების სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს მთავრისეული ტაძარი.
 დღევანდელი სამეგრელო ტურისტებისათვის ისტორიული წარსულის გარდა მნიშვნელოვანია თავისი ბუნებრივი ლანდშაფტითა და აგარაკებით –თბილი და ნოტიო ჰავის გამო აქ გავრცელებულია კოლხური ფოთლოვანი ტყე და მარადმწვანე ბუჩქები. სამეგრელოში მდებარეობენ ცნობილი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტები – მენჯი და ლებარდე.



 მთელ სამეგრელოს სერავს წყალუხვი მდინაერ ენგური და შავ ზღვაში ჩაედინება, რომელზეც მდებარეობს სამეგრელოს უდიდესი ნავსადგური ფოთი – ძველი ფაზისი, სადაც ბერძნული მითის მიხედვით ოქროს საწმისის კვალზე წამოსულმა არგონგავტებმა ჩაუშვეს ღუზა. დღეს ფოთი ერთ–ერთი მაკავშირებელი ხიდია ევროპასა და აზიას შორის

No comments:

Post a Comment